პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ლევან რატიანის თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა - 79 წლის ქალს აქვს სუნთქვის გაძნელება და ე.წ. ჩაჩუტული ფილტვების სინდრომი.
ლევან რატიანი ასევე აცხადებს, რომ სხვა მძიმე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურდება და ის მოქალაქეების სწრაფი გამოჯანმრთელების იმედს გამოთქვამს. გარდა ამისა, რატიანის თქმით, სტაბილურია ორსული ქალისა და ახალშობილების მდგომარეობაც.
„დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას რაც შეეხება - დაემატა მძიმე პაციენტებს ერთი 79 წლის ქალბატონი, რომელსაც აქვს ე.წ. ჩაჩუტული ფილტვის სინდრომი. 62 წლის ქალს რაც შეეხება - მას აქვს შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ექიმთან მიმართვის დაგვიანება - იმყოფება ფილტვის ვენტილაციაზე. 80 წლის ქალის მდგომარეობაც მკვეთრად დადებითია. ორსული ქალი არის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში. ახალშობილების მდგომარეობაც დადებითია", - განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისათვის ვირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა, აქედან 23 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებს საგანგებო რეჟიმი, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი და კომენდანტის საათი.